Tag Archives: ლინგვისტუსი

მომიწესრიგეთ ბიბლიოთეკა :|

მართალია ლამის დავიგინე, ძალიან მაგარი ბლოგი უნდა გავაკეთო მეთქი, მაგრამ თვე ისე გავიდა პოსტიც არ დამიწერია. მთავარი მიზეზი სიზარმაცეა, შემდეგ მოყვება ანთხლეული პირადი საქმეები და ბოლოს, მოუწესრიგებელი ელექტრონული ბიბლიოთეკა.

 მესამე წელია ელექტრონული წიგნების (E Books) კოლექციას ვაგროვებ და თავი ვერ მოვაბი რაიმე სისტემის მიხედვით დავალაგო. ყველაფერი ერთ საქარალდეში ყრია და კონკრეტული წიგნის ძებნა ზოგჯერ საათობითაც გამგრძელებია. პრინციპში, ეს არც ისე ცუდია. ჩიჩქვნა-ძიებისას უამრავ მივიწყებულ წიგნს ვაწყდები ხოლმე, მაგრამ გარკვეულ მომენტებში თავს მაბეზრებს, მეტადრე მაშინ როცა ბლოგ პოსტისთვის მასალის შეკრებაზეა საუბარი.
ასე დამემართა როცა მიუნხენის ტერორისტულ აქტზე დავიწყე ფაქტების შეკრება. გადაწყვეტილი მქონდა, სამი სხვადასხვა ენციკლოპედიიდან ამომეკრიფა საინტერესო დეტალები, დესერტად დამერთო მსუბუქი წიაღსვლა ტერორიზმის ფსიქოლოგიაში და სადილის შემდგომი სიგარეტის გაბოლების ამბავში ნეტარ ხსენებული არაფატის ბიოგრაფიაც მიმომეხილა, მაგრამ საჭირო ლიტერატურა ათასამდე სხვა წიგნში იყო შეზელილი და გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა.  გულწრფელად ვამბობ, 25 წუთი გმირულად ვეძებდი ბიბლიოგრაფიას, მერე ხელი ჩავიქნიე და ისეთი საინტერესო საქმით დავკავდი, როგორიც არის ქართული ბლოგების გადაკითხვა. როგორც ვატყობ გურჯ ლოგთა განქიქება მრავალგზის ჩადენილი საქმეა და თავს აღარ შევიწუხებ ჩემი წილი ცინიზმის ნთხევით, მხოლოდ ორ კარგ ბლოგს აღვნიშნავ, რომლებსაც დღეში ერთხელ უკვე ინსტიქტურად ვსტუმრობ – ლინგვისტუსის ბლოგი და Rocko.geლინგვისტუსი, ასე ვთქვათ, მისაბაძი ბლოგერია – ნაკლები პირადული და მეტი საქმიანი პოსტით, როკო კი უბრალოდ საინტერესო თემებზე ბლოგავს, თუმცა ძალიან იშვიათად. სინდისის ქეჯნა მომკლავს რომ არ ვთქვა, სხვაც ბევრი კარგი ბლოგი არსებობს მეთქი, ოღონდ კარგი იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რომელმა ბლოგერმა როდის გაიპარსა ფეხები და როგორ გამოჟონა გულის ფიცრიდან სევდის მარილიანმა სითხემ როცა ნისლიან ჰორიზონტზე შორეული ნაოსნობიდან  დაბრუნებული მეგობარი დაინახა.

 მოკლედ, სანამ ბიბლიოთეკას არ ეშველება, მანამ არც ამ ბლოგს დაუდგება რენესანსის ხანა, არადა ხელები მეფხანება 20-იანი წლების ჰარლემზე  სტატიის დასაწერად, თუმცა მანამდე მიუნხენის “შავი სექტემბერია” გასახსენებელი.