Category Archives: Uncategorized

მომიწესრიგეთ ბიბლიოთეკა :|

მართალია ლამის დავიგინე, ძალიან მაგარი ბლოგი უნდა გავაკეთო მეთქი, მაგრამ თვე ისე გავიდა პოსტიც არ დამიწერია. მთავარი მიზეზი სიზარმაცეა, შემდეგ მოყვება ანთხლეული პირადი საქმეები და ბოლოს, მოუწესრიგებელი ელექტრონული ბიბლიოთეკა.

 მესამე წელია ელექტრონული წიგნების (E Books) კოლექციას ვაგროვებ და თავი ვერ მოვაბი რაიმე სისტემის მიხედვით დავალაგო. ყველაფერი ერთ საქარალდეში ყრია და კონკრეტული წიგნის ძებნა ზოგჯერ საათობითაც გამგრძელებია. პრინციპში, ეს არც ისე ცუდია. ჩიჩქვნა-ძიებისას უამრავ მივიწყებულ წიგნს ვაწყდები ხოლმე, მაგრამ გარკვეულ მომენტებში თავს მაბეზრებს, მეტადრე მაშინ როცა ბლოგ პოსტისთვის მასალის შეკრებაზეა საუბარი.
ასე დამემართა როცა მიუნხენის ტერორისტულ აქტზე დავიწყე ფაქტების შეკრება. გადაწყვეტილი მქონდა, სამი სხვადასხვა ენციკლოპედიიდან ამომეკრიფა საინტერესო დეტალები, დესერტად დამერთო მსუბუქი წიაღსვლა ტერორიზმის ფსიქოლოგიაში და სადილის შემდგომი სიგარეტის გაბოლების ამბავში ნეტარ ხსენებული არაფატის ბიოგრაფიაც მიმომეხილა, მაგრამ საჭირო ლიტერატურა ათასამდე სხვა წიგნში იყო შეზელილი და გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე დარჩა.  გულწრფელად ვამბობ, 25 წუთი გმირულად ვეძებდი ბიბლიოგრაფიას, მერე ხელი ჩავიქნიე და ისეთი საინტერესო საქმით დავკავდი, როგორიც არის ქართული ბლოგების გადაკითხვა. როგორც ვატყობ გურჯ ლოგთა განქიქება მრავალგზის ჩადენილი საქმეა და თავს აღარ შევიწუხებ ჩემი წილი ცინიზმის ნთხევით, მხოლოდ ორ კარგ ბლოგს აღვნიშნავ, რომლებსაც დღეში ერთხელ უკვე ინსტიქტურად ვსტუმრობ – ლინგვისტუსის ბლოგი და Rocko.geლინგვისტუსი, ასე ვთქვათ, მისაბაძი ბლოგერია – ნაკლები პირადული და მეტი საქმიანი პოსტით, როკო კი უბრალოდ საინტერესო თემებზე ბლოგავს, თუმცა ძალიან იშვიათად. სინდისის ქეჯნა მომკლავს რომ არ ვთქვა, სხვაც ბევრი კარგი ბლოგი არსებობს მეთქი, ოღონდ კარგი იმათთვის, ვისაც აინტერესებს, რომელმა ბლოგერმა როდის გაიპარსა ფეხები და როგორ გამოჟონა გულის ფიცრიდან სევდის მარილიანმა სითხემ როცა ნისლიან ჰორიზონტზე შორეული ნაოსნობიდან  დაბრუნებული მეგობარი დაინახა.

 მოკლედ, სანამ ბიბლიოთეკას არ ეშველება, მანამ არც ამ ბლოგს დაუდგება რენესანსის ხანა, არადა ხელები მეფხანება 20-იანი წლების ჰარლემზე  სტატიის დასაწერად, თუმცა მანამდე მიუნხენის “შავი სექტემბერია” გასახსენებელი.

ხვალინდელი დღის შესახებ

პატარა პოსტი იმის შესახებ, ვინ ვარ და რაზე უნდა ვწერო

ტერორიზმის შესწავლა 2005 წლიდან დავიწყე, როცა პირველად ვნახე სტივენ სპილბერგის “მიუნხენი”. მას შემდეგ უამრავი წიგნის წაკითხვამ მომიწია, გარდა უშუალოდ ტერორიზმისა, მომიწია გავრკვეულიყავი როგორც დასავლეთის (ევროპა – ამერიკა) ისე ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში დეტალურად, ამას მოჰყვა დაინტერესება საიდუმლო ორგანიზაციებით და შეთქმულებათა თეორიებით. ჟურნალისტიკით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ცოდნის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ საინტერესო კომპლექსი.

ჩემი აზრით, ბლოგი არ არის მეცნიერული ან ნახევრად მეცნიერული სტატიების ადგილი. საერთოდაც, ჭკვიანური ტონით ლაპარაკი და პიზდეც ინტელექტუალური აზრების გამოთქმა ყოველთვის მოსაწყენ საქმედ მიმაჩნდა. სამაგიეროდ, არაფერი უდგას წინ ქრესტომათიული ტერორისტული აქტების გახსენებას. სახალისო პარადოქსების პოვნას დასავლურ და უცხოურ მედიას შორის. საიდუმლო ორგანიზაციები ხომ საერთოდ, თითქმის ყველა ჩვენგანის ტკივილი და ინტერესის სფეროა. ამ ყველაფერზე აუცილებლად დავწერ. გარდა ამისა, საყვარელი მუსიკალური ალბომების და ფილმების მიმოხილვად გამოერევა. ისე როგორ შეიძლება?! :|

ქართულ ბლოგოსფეროში ცოდნის გაზიარება ეზარებათ. ბევრია  შეშფოთებული და აღშფოთებული ბლოგერი, რომელიც მგონი მთელი დღე იმაზე ფიქრში ატარებს, საღამოს რა თემაზე გამოთქვას შეშფოთება და პოსტის ბოლოსკენ უკვე აღშფოთება. მართალია, რამდენიმე ნახევრად სამეცნიერო ბლოგიც არის, მაგრამ ისეთი  მენტორული ტონით ნაწერი სტატიები აქვთ, მთქნარებით ყბა მოგძვრება. ხოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევეცდები განსხვავებული და საინტერესო ბლოგი ვაკეთო.

ასე რომ, შემოიარე  ხოლმე. კვირაში ორი-სამი “ხორციანი” სტატია აუცილებლად დაგხვდება :)