Category Archives: საზოგადოება

პროვინციის შვილები

ივლისის სიცხეები დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს ქართული პოლიტიკის მამებსა და ბიძებზე. ჯერ მანიფესტაციების შესახებ “გაუმჯობესებული” კანონი არ იყო მონელებული და კულტურის მინისტრი ახალი ინიციატივით გამოენთო – ყველა ფილმი ორიგინალში ქართული სუბტიტრებით.

კაცმა რომ თქვას გულის ამაჩუყებელი ინიციატივაა. ბააატონი ნიკოლოზი ცდილობს დაგვიცვას უხარისხო ქართული თარგამენისაგან და მოგვცეს საშუალება დავტკბეთ ორიგინალის სმენით.

ეშმაკის კერძი ვიყო მართლა ამიჩუყდა გული, თვალები დავხუჭე და ქართველ პოლიტიკოსთა დასი წარმოვიდგინე, თავზე შარავანდედით რომ მიარღვევენ  სიბნელეს.

ასევე ეშმაკის კერძი ვიყო, გულისამაჩუყებელთან ერთად პროვინციული მენტალობის დემონსტრირებაც თუ არ იყოს. ვისაც სოფელში დაგისვენიათ (და ამის აღიარება არ გრცხვენიათ) ბირჟაზე შემჩნეული გეყოლებათ ზედმეტად პეწეკინა ტიპი, რომელიც ცდილობს ყველაფრით ქალაქელს დაემსგავსოს. იცმევს ქალაქურ ყაიდაზე, დასასვენებლად ჩამოსული თბილისელების მანერებს ითვისებს, უსმენს იმას რაც აქტუალურია “გოროდში” და ყვება მითებს ქალაქელ ნათესავებზე. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ტიპი სოფლელია რა, უფრო სწორედ სადღაც უჰაერო სივრცეში გაჩხერილი  სუბიექტია, რომელიც  ვერც ქალაქელი გახდა და თავისი ველური მიმზიდველობაც დაკარგა . მეუფენი ამა ქვეყნისა ნელნელა სწორედ ასეთი სიტუაციისკენ მიალოცმანებენ საზოგადოებას – ქართველობა გვეთაკილება და ამერიკელობას ვაწვებით!

არა, მართლა შესანიშნავია კარგი ფილმის ორგინალში ყურება, მეტადრე მაშინ როცა ენა გესმის და ყველაფერი, მარა, ბატონო ნიკა, რა ვუყოთ ბებიებს-ბაბუებს, მამებს, დედებს, რომლებმაც არ იციან ინგლისური? რა ვუყოთ იმ მოზარდებს, რომლებიც ჯერ ეხლა სწავლობენ ინგლისურს და მხედველობასთან პრობლემები აქვთ? რაო, “უპრეცედენტო ქვეყანაში” მოხუცების და ინგლისურის უცოდინარების ადგილი არ არის?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თავისუფლების ასეთი თავხედური შეზღუდვა გულს მირევს. ვთქვათ, ფეხებზე მკიდია თქვენი ინგლისური და ფილმების ყურება მშობლიურ ენაზე მირჩევნია, რატომ მართმევ ამის საშუალებას? ქვეყნის რუსულ ენოვან მოსახლეობას რას უშვრებით? ვითომ, მათი უფლებები არ ილახება?

ჩემი აზრით, ნებისმიერი ხელისუფალი სანამ მორიგი “ღენიალური” იდეით აღტკინდება და ინიციატივით გამოჭენდება, ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე უნდა დაფიქრდეს – ეს არის საქართველო, რომელიც ვერასდროს გახდება ვერც ამერიკა, ვერც ინგლისი და ვერ საფრანგეთი, იგივენაირად საფრანგეთი ვერასდროს გახდება ამერიკა და ინგლისი და ასე შემდეგ.

იქნებ  ამ ყველაფერს აჯობებდა ენის პალატა დაგებრუნებინათ? ჯერ გამართული ქართულით საუბარი აიძულეთ ქართულ მედიას და შემდეგ უკარნახეთ რა ენაზე გაუშვან ფილმები (ან საერთოდაც, რატომ უნდა უკარნახოთ?) იქნებ, გეზრუნათ, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ “ქართული ქართულით” იმეტყველოს და მერე ვიფიქროთ  ინგლისურის ფართოდ გავრცელებაზე?!

როგორც სელინჯერის შვილობილი და ჩემი გარე ბიძაშვილი, ჰოლდენი იტყოდა – ნუ ფაფხურობთ რა!

პოსტი ანალოგიური თემის შესახებ – Fazanda.wordpress.com წარმოგიდგენთ